Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-06-26

საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

 

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენლებო,

ელჩებო და დიპლომატებო,

სასულიერო პირებო,

ჩვენო ძმებო და დებო ქრისტიანული კონფესიებიდან,

ებრაული თემიდან,

მუსლიმური თემიდან,

პატივცემულო სტუმრებო,

სხვადასხვა ქვეყნის ეზიდური დიასპორის წარმომადგენლებო,

ჩვენო სტუმრებო ლალიშიდან,

ყველას გულითადად მოგესალმებით საქართველოს საახტიაროს, სასულიერო საბჭოს, ჩვენი რებარებისა და პირადად ჩემი სახელით!

დღეს ჩვენ ვზეიმობთ ეზიდის ტაძრის დღესასწაულს (ტავაფა ეზიდს“). ჩვენ ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ მიუხედავად უსასტიკესი გენოციდისა, რომელიც ეზიდ ხალხს დაატყდა თავს 2014 წელს ერაყში და - დღეისთვის მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ ახლა ისევ ერთად ვდგავართ და შესაძლებლობა გვაქვს, მშვიდობიანად აღვნიშნოთ ჩვენი რელიგიური დღესასწაულები და ამ წმინდა ტაძარში საჯაროდ აღვავლინოთ ჩვენი ლოცვები საყოველთაო მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის და კეთილდღეობისთვის.

მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ, ეზიდები, პატივისცემით ვართ გამსჭვალული ყველა ხალხისა და ყველა სარწმუნოების მიმართ, ჩვენი ხალხის მრავალსუკუნოვან დევნას ბოლო არ უჩანს. ასეთი დევნის მორიგ დადასტურებად იქცა 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში, ეზიდხანის მიწაზე, სინჯარის მთებში დატრიალებული ტრაგედია -  ეზიდების გენოციდი. ეს მოხდა ოცდამეერთე საუკუნეში, ზესახელმწიფოთა მიერ დემოკრატიული ღირებულებების უმაგალითო გავრცელებისა და დაცვის საუკუნეში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელება მშვიდობიან და ღმერთის ერთგულ ხალხს თავს დაატეხეს მთელი მსოფლიოს თვალწინ, არ აღმოჩნდა ძალა ცისქვეშეთში, რომელიც ენით აღუწერელ ამ ბარბაროსობას წინ აღუდგებოდა და შეაკავებდა.

საქართველოში ეზიდების გამოჩენა შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩვენმა წინაპრებმა თავიდანვე იმედის თვალი მიაპყრეს ამ ქვეყანას და დაიჯერეს, რომ დედამიწის ეს მშვენიერი მხარე ჩვენი რელიგიისა და, შესაბამისად, ჩვენი ხალხის გადარჩენის ადგილადაც შეიძლებოდა ქცეულიყო. ჯერ კიდევ 1777 წელს ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს, მიმოწერა ჰქონდა ეზიდ თავადთან და მასთან ერთად აპირებდა სმხედრო კოალიციის შექმნას. ეზიდები ძველთაგანვე იმედით შეჰყურებდნენ ქრისტიანულ ქვეყნებს და მათში ხედავდნენ თავიანთ განმათავისუფლებლებს.

ას წელზე მეტია, რაც საქართველო ეზიდური თემის სამშობლოდ იქცა. ეზიდებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის იმპერიაში, სომხეთსა და საქართველოში, გადმოსახლება, სადაც ისინი მიიღეს და შეიფარეს. საქართველოში ეზიდების გადმოსახლების რამდენიმე ტალღა არის დაფიქსირებული. ბოლო მასობრივი გადმოსახლება 1918 წელს მოხდა.

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დევნილი ეზიდები. ისტორიული ფაქტია, რომ 1919 წ. მსოფლიოში იურიდიულად რეგისტრირებული პირველი ეზიდური ორგანიზაცია „თბილისის ეზიდთა ეროვნული საბჭო“ გახლავთ. აღნიშნული ორგანიზაციის მემკვიდრეა დღევანდელი  ეზიდთა სასულიერო საბჭო - საქართველოს საახტიარო. უნდა ითქვას, რომ შემდეგ საბჭოთა საქართველოში, მიუხედავათ რთული 30-ანი წლებისა და რელიგიის სახელწიფოებრივი დევნა-შევწროებისა, ჩვენ ხალხს საშუალება მიეცა განევითარებინა თავისი კულტურა, ენა, ლიტერატურა: შეიქმნა თეატრი, ფოლკლორული ანსამბლი, გამოიცემოდა სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, რაც ქართველი ხალხის დამსახურებაც იყო. ეზიდები ორგანულად ჩაეწერნენ ჩვენი ქალაქის, თბილისის მრავალეროვან და მრავლფეროვან ლანდშაფტში.

უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, 2021 წელს, ჩვენს სასულიერო საბჭოს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, მაგრამ, კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების გამო,  ვერ აღვნიშნეთ საიბილეო წელი და სწორედ ამიტომ ახლა აღვნიშნავთ საქართველოს საახტიაროს პირველი დეკადის გასრულებას.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოღვაწეობის შედეგად მოხდა ეზიდური რელიგიის ინსტიტუციონალიზაცია.

დაარსების დღიდან ეზიდთა სასულიერო საბჭომ და კულტურის ცენტრმა „საქართველოს ეზიდთა სახლმა“ მრავალი ერთობლივი პროექტი განახორციელეს. გასული დეკადა აღსავსე იყო აქტიური რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით.

შეიქმნა ეროვნული ცეკვების ჯგუფი, მშობლიური ენის შემსწავლელი კურსები, მოეწყო არაერთი ეზიდი მხატვრის ნამუშევართა გამოფენა, საგანმანათლებლო სემინარები, ტრადიციად იქცა ლალიშში ეზიდი მომლოცველების ჩაყვანა.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდთა სახლის ორგანიზებით, 2011 წელს საქართველოს პირველად ეწვია ლალიშიდან უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია ეზიდთა ლიდერის მირ თაჰსინ ბეგის მეთაურობით, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

ეზიდური რელიგიის შენარჩუნებისთვის და რწმენის თავისუფლად გამოხატვისთვის ეზიდური ტაძრის მშენებლობის საჭიროება შეიქმნა. 2015 წელს გაიხსნა ეზიდური ტაძარი „ზიარატა ეზიდ“ და მასთან არსებული კულტურის ცენტრი, ნამდვილი კერა რელიგიურ-კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრებისა.

ეზიდური ტაძრის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირები და ეზიდური დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში მოახერხა სახელმწიფოსთან და სხვადასხვა რელიგიურ თემთან თბილი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება. 

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აქტიურად არის ჩართული საქართველოს ინტერრელიგიურ ცხოვრებაში.

 

2014 წელს ერაყში მომხდარი გენოციდის შედეგად საქართველოში შემოვიდა ნაკადი ეზიდი ლტოლვილებისა, რომლებსაც საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო უწევდა დახმარებას. საბჭო ასევე ეწევა აქტიურ მოღვაწეობას, რათა მსოფლიო საზოგადოებას გააცნოს ეზიდი ხალხის პრობლემატიკა. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს  ორგანიზებით მოეწყო მირ თაჰსინ ბეგის და მარგაჰის ახტიარის ბაბა შეიხ ხატოს შეხვედრები რომის პაპ ფრანცისკესთან (2015 წ.) და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან კირილთან (2018 წ.).

ეზიდთა პრობლემის გამო საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დელეგაცია ეწვია ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს (2015), მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეს (2016 წ.), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს მიტროპოლიტ ილარიონს (2016 წ.).

 

ეზიდთა სასულიერო საბჭოს ორგანიზებით, ლალიშის წმინდა ტაძარს ეწვია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსების დელეგაცია, მოილოცა ეზიდთა სიწმინდეები, შეხვდა აწ გარდაცლილ ბაბა შეიხს და უფლისწულ ესმათს.

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ დაამყარა მჭიდრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეულ ეზიდურ დიასპორასთან.

წლების მანძილზე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო მარგაჰის ახტიარის, ბაბა შეიხი ხატო ჰაჯის პირადი წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთში და რუსეთში, რასაც სპეციალურად გაცემული სიგელი ადასტურებდა.

2020 წელს საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ეზიდური თემის რელიგიური კანონი „რელიგიური კონსტიტუცია“, რომლის თანახმადაც ის არის რელიგიური ორგანიზაცია და ცხადდება, როგორც დამოუკიდებელი რელიგიური ტერიტორიული ერთეული „საქართველოს საახტიარო“. 2020 წელს ეზიდთა სულიერი ლიდერის მარგაჰის ახტიარის, ბაბა შეიხი ხატო ჰაჯი ისმაილის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საახტიარო მოქმედებს წესდებისა და რელიგიური კონსტიტუციის შესაბამისად და მას სათავეში უდგას სრულიად საქართველოს ახტიარი, რაც დადასტურებულია ბაბაშეიხის მიერ გაცემული ოფიციალური სიგელ-გუჯარით.

დღეს საქართველოში სახეზეა ეზიდური რელიგიის აღორძინება და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოღვაწეობა სამაგალითო გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეზიდებისთვის. საქართველოს საახტიარო მოწიწებით სთავაზობს მსოფლიო ეზიდობას თეოლოგიური, ადმინისტრაციული და კულტურული განახლების გზებსა და შესაძლებლობებს.

 

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, როგორც ჩვენი ეზიდური თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ისე - ჩვენი მსოფლმხედველობის განვითარებისთვის და რელიგიათა და ეთნოსთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ ტრადიციული ეზიდური მრწამსის მიმდევრები ვართ, გვწამს ერთი ღმერთი მის მრავალ ემანაციაში და ერთგულები ვართ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეთიკური პრინციპებისა.

ჩვენი რელიგია ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება ადამიანთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კაცთმოყვარეობის მომხრედ. ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა და წარმომავლობისა. მათ შორის ეზიდად დაბადებული ადამიანებისთვისაც, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზისა და გამოწვევის გამო, მშობლიური სარწმუნოების მიღმა აღმოჩნდნენ. ჩვენ ღმერთისკენ სავალ გზას არავის ვუკეტავთ.  

მე ყველა თქვენგანის თავს ღმერთს ვავედრებ

და

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას!

ვლოცულობ მსოფლიოში მშვიდობისთვის!

 

დავასრულებ ჩემს სიტყვას ეზიდური ლოცვით:

 

„უფალო, წყალობის თვალით მოხედე მსოფლიოს  72-ივე ერს და ყველას,

ვინც ლოგინად არის ჩავარდნილი,

ვინც ციხეში ზის,

ვინც მოგზაურობაშია,

ვინც ღარიბი, ღატაკი, ბეჩავი და ტყვედქმნილია,

და  ამ ყველასთან ერთად ჩვენც მოგვხედე!

 

ამინ!“

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2022 წ.

    დეკემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

10 დეკემბერი 2022

ბოლო სიახლეები

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

2021-12-20 - ახალი წიგნების პრეზენტაცია

2021-12-20 -  თბილისის ეზიდურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა

2021-12-20 - ცეკვის შემსცავლელმა წრემ დაიწყო ფუნქციონირება

2021-12-20 - ეზიდური კალენდარი 2022

2021-08-06 - საფოსტო ბლოკი სესს 10 წლის იუბილეს მიეძღვნა